Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ რექტორის მოადგილის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში

უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის (UCBP) ფარგლებში თსუ რექტორის მოადგილე ერეკლე ასტახიშვილი ორკვირიანი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანი ამერიკული უნივერსიტეტების გამოცდილების გაცნობა, ახალი პარტნიორების მოზიდვა, ერთობლივი სამეცნიერო პროექტების შექმნა, სტუდენტების გაცვლა და მეცნიერების ადმინისტრირება იყო. აღნიშნულ თემებზე თსუ რექტორის მოადგილემ ერეკლე ასტახიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრები.

 

შეხვედრებზე განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები მეცნიერების ადმინისტრირების მიმართულებით, მათ შორის, ისაუბრეს საგრანტო ოფისის შექმნაზე, რომელიც დაეხმარება თსუ მეცნიერებს არა მარტო აშშ-ის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობაში, არამედ, მეცნიერების ადმინისტრიების პროცესშიც, რაც გულისხმობს საგრანტო წინადადებების მომზადებას, პარტნიორი ორგანიზაციების მოძიებას, პროექტის შედეგების გაზიარებასა და დაფინანსების წყაროების მოზიდვას.

 

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, „უნივერსიტეტების კვლევითი ადმინისტრატორების ამერიკის საბჭოს“ და ამერიკის საბჭოების საქართველოს ოფისის ორგანიზებით გამართული შეხვედრების დროს ქართული დელეგაცია, რომელიც შედგებოდა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებისგან, გაეცნო აშშ-ს ისეთ მოწინავე უნივერსიტეტების გამოცდილებას როგორებიცაა: ჰარვარდის, იელის, პენსილვანიის სახელმწიფო და სხვა უნივერსიტეტები. შეხვედრებზე გამოიკვეთა თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები, მათ შორის საუბარი შეეხო ზამთრის და საზაფხულო სკოლებისა და გაცვლითი პროგრამების ორგანიზების საკითხებს.

 

უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამა არის საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) საელჩოს მიერ დაფინანსებული საგრანტო ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევის ადმინისტრირების და განვითარების ოფისების შესაძლებლობების გაძლიერებას. ეს, თავის მხრივ, ხელს უწყობს უმაღლესი განათლებისა და კვლევითი ინსტიტუტების წვლილის ზრდას საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. პროგრამას ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები აშშ-ის საუნივერსიტეტო კვლევის ადმინისტრატორთა ეროვნულ საბჭოსთან (NCURA) თანამშრომლობით.

 

თარიღი: 07/06/2024